შპს ფერომედი 

 

1933 წელს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში #1 საამქროს გახსნისთანავე, გაიხსნა პირველი ჯანდაცვის პუნქტი. შემდგომში წარმოების განვითარებასთან ერთად გაიხსნა დამატებით პუნქტები, ხოლო 1946 წელს სამმართველოს ტერიტორიაზე აშენდა ეგრეთ წოდებული „ სამედიცინო სანიტარული ნაწილი“ ( მედსანნაწილი), რომელიც მოიცავდა როგორც პოლიკლინკურ ასევე სტაციონარულ მომსახურებას. ეს იყო მცირე გამტარუნარიანი დაწესებულება სულ 15 საწოლზე, ხოლო ამბულატორიული მომსახურება შემოიფარგლებოდა მხოლოდ თერაპიული პროფილის სპეცილისტებით.
1978 წელს „ზეტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ“, ააშენა ცალკე მდგომი ფართო პროფილის ჰოსპიტალი „მედსანნაწილი“ ( დღევანდელი შპს „ფერომედი“) 120 საწოლზე, მათ შორის პოლიკლინიკური მომსახურებით, რომელიც უკვე დაკომპლექტებული იქნა, როგორც თერაპიული ასევე სხვა ყველა ვიწრო სპეციალიზაციის სამედიცინო პერსონალით.
სტაციონარული მომსახურება განვითარდა ქირურგიული, ტრავმატოლოგიური, კარდიოლოგიური და უროლოგიული მიმართულებებით.
1980- წლიდან კლინიკაში ტრავმატოლოგია -ორთოპედიული მიმართულებით ვითარდება. კეთდება უნიკალური ორთოპედიულ იპერაციები, ძვლის დაგრძელება, გასწორება, ბავშვთა ცერებრალური დამბლის დროს პლასტიკური ოპერაციები, ოპერაციები რომელიც საქართველოს მასშტაბით არცერთ სხვა კლინიკაში არ ხორციელდება. 1999-2001 წლებში კლინიკა „ ფერომედი“ თანამშრომლობს ბავშვთა სახლებთან, ბავშვებს თანდაყოლილი პათოლოგიებით და ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციებით არაერთი წარმატებული ოპერაცია გაუკეთდათ, რომლის მეშვეობით აღნიშნული პაციენტების ინვალიდობის ხარისხი მკვეთრად შემცირდა.
1995 წელს ზესტაფონის ცენტრალური საავადმყოფოდან „ მედსანაწილში“ გადმოტანილი იქნა კარდიოლოგიური განყოფილება და აღნიშნული კლინიკის ბაზაზე გაიხსნა სარაიონთაშორისო კარდიოლოგიური ცენტრი, სადაც პირველად რაიონში, რეგიონალური საავადმყოფოს დონეზე უზურუნველყოფილი იქნა ინტენსიური ბლოკის მომსახურება, შესაბამისი აპარატურით. განყოფილება დაკომპლექტდა მაღალი კვალიფიკაციის ექიმი კარდიოლოგებით და შესაბამისი კვალიფიკაციისა და მომზადების ექთნებით, რომლებიც დღესაც მოღვაწეობენ კლინიკა „ფერომედში“.
1997 წლიდან „ მედსანაწილს“ დაემატა გადაუდებელი დახმარების სერვისი, გაიხსნა მიმღები განყოფილება, სისხლის გადასხმის კაბინეტი და ემსახურებოდა ზესტაფონის, ხარაგაულის და თერჯოლის მოსახლეობას და ასევე ასრულებდა რაიონული საავადმყოფოს ფუნქციას.
ა1997 წლიდან გაიზარდა ზოგადი ქირურგიის მიმართულებით სერვისების მოცულობა. კლინიკაში ტარდებოდა და ტარდება აბდომინალური ქირურგიული ოპერაციების სრულის სპექტრი და ონკოქირურგია და ასევე, პროქტოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, უროლოგიური და გინეკოლოგიური მიმართულებით ოპერაციები.
2004 წელს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაციამ , „მედსანნაწილი“ შეიტანა კაპიტალში, დააფუძნა შპს კლინიკა „ ფერომედი“, შესაბამისად კლინიკა გადავიდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ხოლო 2008 წლიდან შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მართვაში.
2004-2012 წლებში, სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების მიზნით „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მომზადდა და განხორციელდა საინვესტიო გეგმა, რომლის ფარგლებში მოხდა კლინიკის აღჭურვა ახალი ექოსკოპიის აპარატით, სასუნთქი აპარატებით, ტრედიმილი, ციფრული რენტგენით.
2013 -2014 წლებში, გარემონტდა შპს კლინიკა „ფერომედის“ პოლიკლინიკური ნაწილი,განხორციელდა კლინიკური ლაბორატორიის ფუნქციური და ინფრასტურქტურული მოწყობა და აღიჭურვა ახალი აპარატურით, გადამზადდა შესაბამისი სამედიცინო პერსონალი. 2014 წლის მაისიდან მოსახლეობას ლაბორატორია აწვდის ფართო სპექტრის მომსახურებას: კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, სეროლოგიური და ბაქტერიოლოგიური მიმართულებით.
დღესდღეობით კლინიკა „:ფერომედი“ ემსახურება „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულ თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და ასევე მიმდებარე რაიონებიდან შემოსულ პაციენტებს.

Go to top